თუ ვინმეს იმის იმედი, აქვს, რომ ბატონი ბიძინა ამასაც აყლაპებს დასავლეთს და გეოპოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე ისინი მაინც იძულებული იქნებიან წამოვიდნენ დათმობაზე, სასტიკად ცდება, - ამის შსახებ სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი წერს.

"გასაგებია, რომ რუსული კანონის შემობრუნება ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი დივერსიაა ევროინტეგრაციისა და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ როცა ამ კანონს ვაპროტესტებთ, ვფიქრობ გასათვალისწინებელია რამდენიმე არსებითი მომენტი

ა) კანდიდატის სტატუსს ჩვენ არავინ ჩამოგვართმევს. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა ისტორიაში და მგონი საამისო პროცედურაც არ არსებობს. ამიტომ ამაზე სერიოზულად მსჯელობა, ვფიქრობ არაკვალიფიციურია. გარდა ამისა, რომც დავუშვათ ამის შესაძლებლობა, ეს არის უკიდურესად არასასურველი და ხელისუფლების კი არა ხალხისა და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება იქნება.

ბ) მეორეს მხრივ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირში ნამდვილად არავინ შეგვიშვებს და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებსაც არავინ გაგვიხსნის. თუ ვინმეს იმის იმედი, აქვს, რომ ბატონი ბიძინა ამასაც აყლაპებს დასავლეთს და გეოპოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე ისინი მაინც იძულებული იქნებიან წამოვიდნენ დათმობაზე, სასტიკად ცდება. ეს ბიძინას არ აქვს წითელი ხაზები პოლიტიკაში და "ბანდიტსკი პეტერბურგის" ბესპრეძელი ჰგონია საერთაშორისო ურთიერთობები, მაგრამ დასავლურ პოლიტიკურ ელიტაში სულ სხვა თამაშის წესებია. დათმობა, კომპრომისი და გარიგება იქაც იციან, ზოგჯერ გაუმართლებელიც, მაგრამ უკაცრავად და თავზე დაჯმას არავის შეარჩენენ. ამ კანონის შემობრუნება კი სხვა არაფერია.

დ) ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილების პასუხად მიიღოს მძლავრი საპროტესტო ტალღა, არანაკლები იმაზე, ვიდრე ეს შარშან მარტში იყო. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია. თუმცა, ხელისუფლების რევოლუციური ცვლილება არ მიმაჩნია სასურველად. გაცილებით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, თუ ხელისუფლების ცვლა მოხდება ოქტომბერში არჩევნებით და არა ისე, რომ ჯერ ხელისუფლება დაინგრეს და მერე არჩევნები. თუმცა, აქ წინასწარმეტყველება ძნელია, რადგან როგორ განვითარდება მოვლენები, დიდწილად თავად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. სერიოზული პროტესტი და აქციები კი ყველა ვარიანტში იქნება და უნდა იყოს კიდეც.

გ) იმავდროულად ჩვენ ისიც ცხადლივ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირში ვერ შევა. ბიძინას მმართველობის პრინციპები და ევროკავშირი არსებითად შეუთავსებელია ერთმანეთთან. ორღობის მასშტაბის ორბანიშვილი თუ ერდოგანიძე არავის სჭირდება ევროპაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია 2024 წლის არჩევნების შედეგად მოხდეს ამ ხელისუფლების შეცვლა და ის საპროტესტო ენერგია, რომელიც აუცილებლად იფეთქებს რუსული კანონის მიღების მცდელობაზე, როგორმე არ უნდა გაიფლანგოს ისე, რომ ხელისუფლების შეცვლით არ დამთავრდეს.

მესმის, რომ ნამეტნავად შუაშისტური პოსტი გამომოვიდა, მაგრამ ასეთი რეალობაა", - წერს ზურაბიშვილი.