ჯორჯიის რაგბის კავშირმა ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ისინი საქართველოს უგულშემატკივრებენ:

"ვინაიდან ამერიკელმა არწივებმა ვერ შეძლეს საფრანგეთში გასამართ 2023 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრა, ჯორჯიის რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება: იმ სიკეთის, მეგობრობის და ჭეშმარიტი სარაგბო სულისკვეთებისთვის, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირიდან ჩვენმა მეგობრებმა, ასევე მათმა მხარდამჭერებმა გამოიჩინეს ჩვენ მიმართ აქ ჯორჯიაში, ჯორჯიის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა რომ მსოფლიო რაგბის თასზე ჩვენი გუნდი „ლელოები” იქნება და მათ, როგორც საკუთარ გუნდს, ისე ვუქომაგებთ“.

განცხადება ჯორჯიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ მეისმაც გააკეთა:

„ის ზრუნვა, რომელსაც თქვენი ერი იჩენს რაგბისადმი მის საძირკველშივე, - ყველაზე ახალგაზრდებიდან დაწყებული იმ მოთამაშეებით დამთავრებული, რომლებიც ქვეყანას წარმოადგენენ, თქვენი ვნება და ერთგულება ჩვენი საყვარელი სპორტისადმი, არამხოლოდ გვაოცებს, არამედ ქედსაც ვიხრით მის წინაშე. სწორედ ეს ვნება და ერთგულება, რომელიც მიმართულია სპორტის ფესვებიდან ხის კენწერომდე გაზრდისთვის, არის ის რაც ყველა სარაგბო ერმა უნდა ისწავლოს თქვენგან“

„ჩვენთვის უსაზღვრო პატივია გიწოდოთ მეგობრები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ „ლელოები“ და ჩვენი მეგობრები იგრძნობენ ჩვენს მხარდაჭერას ოკეანის გაღმიდან მსოფლიო თასზე თამაშის დროს, როგორც სტადიონზე, ასევე სახლში. ჯორჯიისგან საქართველოს - წინ „ლელოებო“, - წერია განცხადებაში.

ჯორჯიის შტატისა და საქართველოს ნაკრების გზები ნოემბერშიც გადაიკვეთა, როდესაც უელსთან ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჯორჯიის შტატმა ძალიან ბევრი მილოცვა მიიღო, რის გამოც განცხადება გაავრცელა, რომ ის გამარჯვება მათ არ მოუპოვებიათ, საქართველოს რესპუბლიკამ მოიპოვა და „ბორჯღალოსნებს“ გულითადი მილოცვა შეუთვალეს.

2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯის და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებენ.