მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს შერეული ნაკრები კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

დრამატულ ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი ანგარიშით 4:3 დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.

დასკვნით შეხვედრამდე, ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში რუმინეთის გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი თურქეთის ნაკრებს ანგარიშით 4:1 სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნინო ლოლაძე (57 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ნინო წიკლაური (70 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ლიზი ქვარცხავა (+70 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ).