ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება, რის შედეგადაც საერთაშორისო ბაზრებზე კონფლიქტის შედარებით მოკლე ვადაში რეზოლუციის მოლოდინები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ასეთ დროს, როცა გაურკვევლობა ძალზე მაღალია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონაცემების რეალურ დროში მოპოვებასა და ანალიზს.

თიბისი კაპიტალის გასული კვირის პუბლიკაცია სწორედ ამ თემას დაეთმო, დღევანდელ კვლევაში კი მკითხველს დამატებით უახლეს მონაცემებს ვთავაზობთ. კერძოდ, მიმდინარე მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა შეფასებულია შემდეგ ინდიკატორებზე დაყრდნობით: დეპოზიტების კონვერტაციების დღიური დინამიკა, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დატვირთულობის დონე, Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე, უნაღდო დანახარჯების უახლესი ტენდენციები, საწვავის ფასები და საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილება.

წინა განახლების შემდეგ დეპოზიტების კონვერტაციების მხრივ სურათი შეცვლილია. კერძოდ, ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ კვირაში ლარიზაცია კვლავ გაიზარდა, რაც უკვე ლარის მხარდამჭერი ფაქტორია. მთლიანობაში, ჩვენი შეფასებით, სავალუტო ბაზარი, დღეის მდგომარეობით, მეტ-ნაკლებად წონასწორობაშია. კონფლიქტის ესკალაციის საწყის დღეებში, სენტიმენტების გაუარესების გამო, უცხოური ვალუტის დეპოზიტებში კონვერტაციები საგრძნობლად გააქტიურდა. შედეგად, აშშ დოლარის მიმართ ლარიც გაუფასურდა. თუმცა, პირველი ტალღის შემდეგ დოლარიზაცია ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი კვლავ შემცირება დაიწყო და, 18 მარტის მდგომარეობით, ომამდე პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია.

საპირისპიროდ, ჯამური უნაღდო ხარჯები, ძლიერი პირველი კვირის მიუხედავად, მარტის მომდევნო დღეებში დასუსტდა, განსაკუთრებით არარეზიდენტების ნაწილში. ადგილობრივი ბარათებით დანახარჯები, რომლებიც თვის დასაწყისში საკმაოდ იყო გაზრდილი, 19 მარტის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, სეზონურად შესწორებულ ჭრილში თითქმის უცვლელია. რაც შეეხება უცხოური ბარათებით ხარჯებს, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება, წინა თვესთან შედარებით კლება უკვე აშკარად გამოიკვეთა, როგორც სასტუმროებისა და ავიახაზების, ასევე უფრო ფართო კატეგორიების მხრივაც.

სტუმარმასპინძლობის სექტორში აქტივობის შენელებაზე მიუთითებს Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე და საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობაც, თუმცა თბილისში შედარებით უკეთესი სურათი იკვეთება. კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები (ჩამოფრენებისა და გაფრენების ჯამი) 9 მარტის შემდეგ იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ ომამდე ნიშნულზე ნაკლები რჩება. დაგეგმილ და ფაქტობრივ ფრენებს შორის სხვაობაც, მარტის მეორე ნახევრისკენ, შედარებით შემცირებულია, რაც გაუქმებული რეისების კლებაზე მიუთითებს.

იმავეს ვერ ვიტყვით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან მოთხოვნაზე მეტადაა დამოკიდებული. მარტში ფრენების რაოდენობა, ერთი მხრივ, არა მხოლოდ 2025 წლის, არამედ 2024 წლის მაჩვენებლებსაც ჩამორჩება, ხოლო, მეორე მხრივ, ჯერჯერობით არც გაუმჯობესების ტენდენცია ჩანს, მათ შორის, არც გაუქმებული რეისების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, მიმდინარე მოვლენების შედეგად ფრენების რაოდენობაში საგრძნობი ცვლილება არ ვლინდება, თუმცა 2025 წლის ნოემბრის შემდეგ დატვირთულობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, Wizz Air-ის ვენის ბაზის დახურვასა და მასთან დაკავშირებული რეისების გაუქმებას უკავშირდება.

ამავდროულად, Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან 28 თებერვლის შემდეგ სტაბილურად დაბალ დონეზე ნარჩუნდება. თიბისი კაპიტალის მკითხველს ახსოვს, რომ ეს ინდიკატორი გასული წლის ივნისში ისრაელიდან ტურისტული ნაკადების როგორც თავდაპირველი კლების, ასევე შემდგომი აღდგენის რეალურ დროში დაკვირვებისთვის ძალზე გამოსადეგი იყო.

ამავე დროს, მართალია ჯერჯერობით კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი რთულია, თუმცა, გარკვეული მონაცემებით, ბოლო პერიოდში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთიდან მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება, რაც მიგრაციის პოტენციური ეფექტების გათვალისწინების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

საყურადღებოა, რომ გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდის პარალელურად, საქართველოში საწვავმა გაძვირება დაიწყო. ზოგიერთ შემთხვევაში, ფასები თვის დასაწყისთან შედარებით 10%-მდეა მომატებული. ამასთან, 28 თებერვლის შემდგომ მსოფლიო ფასი, დაახლოებით, 45%-ითაა გაზრდილი, რაც ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემდგომი ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. როგორც ჩვენს წინა პუბლიკაციაში იყო მითითებული, მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის გაძვირება, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედურ ხარჯებზეც მოქმედებს. ასევე გასათვალისწინებელია ტრანსპორტირებისა და სასუქების გაზრდილი ღირებულებაც, თუმცა, ამავდროულად, ამ მიზეზების გამო იკვეთება საქართველოს სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის ზრდის პერსპექტივა.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად არის გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები. ეს, თავის მხრივ, უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და, ამდენად, მაღალ საპროცენტო განაკვეთებს მოიაზრებს. ბაზრის უახლესი პროგნოზით, ფედერალური სარეზერვო სისტემა მიმდინარე წელს განაკვეთის შემცირებას ვეღარ შეძლებს, მაშინ როცა 28 თებერვლამდე საბაზო სცენარს 50 პროცენტული პუნქტით კლება წარმოადგენდა. ინგლისისა და ევროპის ცენტრალური ბანკების შემთხვევაში უკვე განაკვეთის ზრდაც კია მოსალოდნელი.

შეცვლილი განწყობები, რასაკვირველია, საქართველოზეც მოქმედებს. ინფლაციის მზარდი რისკები და საპროცენტო განაკვეთების გაფართოებული დიფერენციალი მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობას ამცირებს. წინა განახლებაში აღვნიშნეთ, რომ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდებოდა, გაზრდილი იყო იმის ალბათობაც, რომ სებ-ს წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეემცირებინა. უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი დეესკალაციის გარეშე, შესაძლოა, განაკვეთის თუნდაც მცირედით შემცირების სივრცეც ნაკლებად გაჩნდეს.

ჯამურად, მაკროეკონომიკურ ჭრილში, მოვლენათა განვითარება მჭიდრო თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან, რომლებზეც 2 მარტის პუბლიკაციაში იყო საუბარი. რა შეგვიძლია ვთქვათ ახლა, უახლესი ინფორმაციის გათვალისწინებით? თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ 2026 წელს 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ჩვენი საბაზო სცენარი, გარკვეული ალბათობით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ითვალისწინებდა. მიმდინარე მდგომარეობით, სამწუხაროდ, ეს ალბათობა საგრძნობლად შემცირებულია. რეზოლუციის შემდგომ სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება საბაზო სცენარის ზრდის არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია ახალ უარყოფით შოკს წარმოადგენს. ამავდროულად, მართალია იანვრის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი გამოდგა, თუმცა თებერვალსა და მარტში უნაღდო ხარჯები საკმაო შენელებაზე მიუთითებს. საერთო ჯამში, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კვლავ, დაახლოებით, 4.5%-ის ფარგლებში ვინარჩუნებთ.

რაც შეეხება ლარს, ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება. ახლო აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებამდე თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი 2026 წლის ბოლოსთვის ლარის მცირედი გაუფასურება იყო, დიდწილად ასევე უკრაინის კონფლიქტის დასრულების ალბათობის გათვალისწინებით. ამდენად, როგორც ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების ალბათობის შემცირებას ახლო აღმოსავლეთში მზარდი ესკალაცია აბალანსებს. გარდა ამისა, 2025 წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ, 2026 წელს საბაზო სცენარად საგარეო ბალანსის გარკვეული გაუარესება რჩება.

და ბოლოს, მიმდინარე გაურკვევლობის ფონზე, კვლავ ძალზე აქტუალურია შეკითხვა, თუ რა ვალუტაშია ოპტიმალური სესხის აღება. მართალია, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს. თუმცა, ფართო მოთხოვნის გათვალისწინებით, უახლოეს დღეებში თიბისი კაპიტალი სწორედ ამ ფორმატის პუბლიკაციის გამოქვეყნებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო მჭიდროდ დანერგვას.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007447-macro-update-georgia