სირიაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ურთიერთობების განვითარების დიდი პერსპექტივები გაიხსნა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ აჰმედ ალ-შარაას აზერბაიჯანში ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება.

მისივე თქმით, შეხვედრისას ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პროექტები განიხილეს.

ილჰამ ალიევის თქმით, სირიის წინა მთავრობის დროს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მიმართ არამეგობრულ პოლიტიკას ატარებდა, ორმხრივ ურთიერთობებში სტაგნაცია იყო, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ კი ურთიერთობების განვითარების დიდი პერსპექტივები გაიხსნა.

თავის მხრივ, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ დაინტერესებულია აზერბაიჯანთან თანამშრომლობით პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება თურქეთის გავლით სირიაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ აზერბაიჯანს შეუძლია, წვლილი შეიტანოს სირიის ენერგეტიკული სექტორის აღდგენაში.