ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის სფეროს მართვაში ახალი ნაბიჯები სჭირდება, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მალე იქნება მიღებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

დღეს, 12 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან, რის შემდეგაც ზელენსკიმ სახელმწიფო ინსტიტუტებში საკადრო ცვლილებებზე მიანიშნა.

"უკრაინას შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში მეტი პოზიტიური დინამიკა სჭირდება და ამავდროულად, ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის სფეროს მართვაში ახალი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ უკრაინის ელჩი აშშ-ში ოქსანა მარკაროვა, თანამდებობას ტოვებს. ამ კონტექსტში, აქტიური დისკუსიები დაიწყო იმის შესახებ, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი.

10 ივლისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ თავდაცვის მოქმედი მინისტრი რუსტემ უმეროვი, შესაძლოა, ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელად დაინიშნოს, თუმცა, აღნიშნა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მასშტაბური საკადრო ცვლილებების წინაშე აღმოჩნდება.