აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი ოფიციალურად დასრულებულია.

ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი მიღებიდან რამდენიმე საათში. ორი დღით ადრე, სენატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

წარმომადგენელთა პალატის 222-მა წევრმა, ძირითადად რესპუბლიკელებმა და რამდენიმე დემოკრატმა, აშშ-ის მთავრობის ხელახლა გახსნას მისცა ხმა. კონგრესის 209 წევრი წინააღმდეგ იყო.

მიღებული კანონპროექტი მთავრობის დროებით დაფინანსებას 2026 წლის 30 იანვრამდე უზრუნველყოფს.

ის ასევე ადგენს სამ ყოველწლიურ ასიგნებების პაკეტს:

სამხედრო მშენებლობისთვის;

საკანონმდებლო ხელისუფლების საჭიროებებისთვის;

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისთვის. კანონპროექტი გარანტიას იძლევა შეჩერების დროს გათავისუფლებული მუშაკების სამსახურში აღდგენას მათი ხელფასების გადახდით.

ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" აშშ-ის ისტორიაში, რომელიც 43 დღე გრძელდებოდა. მან წინა რეკორდი მოხსნა, რომელიც ასევე ტრამპის ადმინისტრაციის დროს დამყარდა: 2019 წლის დასაწყისში მთავრობის დაფინანსება 35 დღით გაიყინა.