ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის 116-წლიან ისტორიაში პირველად, MI6-ის ხელმძღვანელი ქალი იქნება. წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი ოფიციალურად თანამდებობას ოქტომბრიდან დაიკავებს.

მეტრეველი, რომელიც საიდუმლო დაზვერვის სამსახურს 1999 წელს შეუერთდა, ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი გახდება და რიჩარდ მურს შეცვლის.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ისტორიული უწოდა. სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ ბლეიზ მეტრეველი აღნიშნულ თანამდებობას იკავებს იმ დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო მზარდი საფრთხეების წინაშე დგას მოწინააღმდეგეების მხრიდან.

"მოუთმენლად ველოდები ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან, აგენტებს და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“, – განაცხადა მეტრეველმა.

მეტრეველი სადაზვერვო სამსახურში 1999 წლიდან მუშაობს და ამ ეტაპზე Q დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კრიტიკულად მნიშვნელოვანი განყოფილების ხელმძღვანელია. დეპარტამენტის მიზანია საიდუმლო აგენტების ვინაობის საიდუმლოდ შენახვა და მოწინააღმდეგეებიდან თავის დაღწევის ახალი გზების შემუშავება.