გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. 

მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და „მწვანეები“ (GRÜNE).

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი შესაძლოა, გერმანიის შემდეგი კანცლერი გახდეს. მისმა პარტიამ ყველაზე მაღალი რეიტინგი მიიღო ბუნდესტაგის არჩევნების წინ.

წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 29% „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ უჭერს მხარს, 20.6%-ით, რეიტინგში მეორე ადგილზეა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, შემდეგ მოდის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ 15.5%-ით და „მწვანეებს“ აქვთ 12.9%.

მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ მას გამარჯვების იმედი აქვს.

შოლცის თქმით, ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა.

“მე არ მჯერა სასწაულების, მაგრამ მჯერა არჩევნებში გამარჯვების. დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად ბევრი გადაწყვეტს მხოლოდ საარჩევნო უბანზე და ხმა მისცემს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რათა ჩვენ საკმარისად ძლიერი ვიყოთ და მთავრობამ გააგრძელოს მუშაობა ჩემი ხელმძღვანელობით“, – განაცხადა შოლცმა.

ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას გასული წლის 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პარლამენტი დაითხოვა.

გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ დაიშალა.