ჰორმუზის სრუტე ნატოს კომპეტენციაში არ შედის და ალიანსი ახლო აღმოსავლეთში ომში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარეს ბუენომ განაცხადა.

ალბარესის თქმით, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფა ნატოს კომპეტენციას სცილდება.

როგორც მან აღნიშნა, მოკავშირეები აშშ-ის გეგმების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ და კონსულტაციები არ გაუმართავთ.

„ნატო ამ ომში არ არის ჩართული. ახლო აღმოსავლეთი ნატოს ოპერაციების სფეროში არ შედის და ამიტომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრმა მოკავშირემაც გამოთქვა იგივე აზრი: ნატო ამ ომში არ მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ეს განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ზეწოლის საპასუხოდ გაკეთდა, რომელიც მოკავშირეებს რეგიონში უფრო აქტიურ მოქმედებებს სთხოვს. ტრამპმა ადრე გააკრიტიკა ალიანსი უმოქმედობის გამო და ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლითაც კი დაიმუქრა.