უკრაინა ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებისთვის მზადაა, თუმცა მოკავშირეებს არ მიუმართავთ, პარტნიორებმა მხოლოდ გამოცდილების გაზიარება ითხოვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას საზღვაო გზების გახსნის უნიკალური გამოცდილება აქვს და მზადაა, მის გასაზიარებლად.

მისი თქმით, მსგავსი გამოწვევა უკვე იყო შავ ზღვაში, როდესაც რუსეთმა უკრაინის სასურსათო დერეფნის დაბლოკვა სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით სცადა - გემებიდან დაწყებული რაკეტებით და ავიაციით დამთავრებული.

"ჩვენ გავანადგურეთ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილი და ვაიძულეთ ისინი დერეფნიდან უკან დაეხიათ", - აღნიშნა მან.

მან აღნიშნა, რომ სასურსათო დერეფანი ამჟამად უკრაინის კონტროლის ქვეშაა და ფუნქციონირებს.

"ჩვენ შეგვიძლია ეს გამოცდილება სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ, მაგრამ არავის უთხოვია, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დახმარება გაგვეწია. ჩვენმა პარტნიორებმა მხოლოდ ჩვენი გამოცდილების გაზიარება გვთხოვეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ თეირანმა ჰორმუზის სრუტე დაბლოკა, რამაც მსოფლიოში ნავთობის კრიზისი და საწვავის ფასების ზრდა გამოიწვია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს მოკავშირეებსაც კი მოუწოდა, დახმარებოდნენ ჰორმუზის სრუტის გახსნაში, მაგრამ მათ უარი თქვეს, რასაც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ნატოდან გასვლის შესახებ განცხადებები მოჰყვა.

გუშინ ტრამპმა კიდევ ერთხელ წაუყენა თეირანს ულტიმატუმი და განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე 48 საათის განმავლობაში უნდა გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში "ირანს ჯოჯოხეთი ელის“.