ირანმა კატარში ყველაზე დიდ ამერიკულ ბაზას დაარტყა. 

ირანის მიერ კატარში სამხედრო ბაზაზე იერიში აშშ-ის მიერ შაბათ-კვირას სამი ირანული ბირთვული ობიექტის დაბომბვის საპასუხო რეაქცია იყო. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ინფორმირებული იყო შესაძლო თავდასხმის შესახებ და აკვირდებოდა მას.

„თეთრი სახლი და პენტაგონი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და ალ-უდეიდის ბაზისთვის პოტენციურ საფრთხეს“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ დოჰა იტოვებს უფლებას უპასუხოს ირანს.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ კატარი იტოვებს უფლებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პირდაპირ უპასუხოს, ამ თავხედურ აგრესიას“, - განაცხადა მან.

ამავდროულად, მან განაცხადა, რომ თავდასხმა კატარის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და გაეროს ქარტიას.

მისივე თქმით, ასეთი ქმედებები მიუღებელია და საფრთხეს უქმნის როგორც თავად ქვეყნის, ასევე მთელი რეგიონის უსაფრთხოებას.

ირანის თავდასხმის საპასუხოდ, კატარმა დახურა თავისი საჰაერო სივრცე. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებიც შეუერთდა ამ საკითხს.

საჰაერო მოძრაობის თვალყურის დევნების სერვისის, Flightradar24-ის ცნობით, ათობით თვითმფრინავი იძულებული გახდა შეეცვალა კურსი და უკან დაბრუნებულიყო.

ორივე ქვეყანა გლობალური ავიაციის მთავარი ჰაბია.

ბაჰრეინმაც დროებით დახურა თავისი საჰაერო სივრცე. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა მოსახლეობას, არ გამოიყენონ მთავარი მაგისტრალები შემდგომ შეტყობინებამდე.

თავისი საჰაერო სივრცის დახურვა ერაყმაც გადაწყვიტა.

კატარის დედაქალაქ დოჰადან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 32 კილომეტრში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი ბაზაა. ის კატარის საკუთრებაა, მაგრამ გამოიყენება აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წინა სამეთაურო პუნქტად, რომელიც მთელ რეგიონზეა პასუხისმგებელი.

ბაზაზე 10 000-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის განთავსებაა შესაძლებელი. ალ-უდეიდი კრიტიკულ როლს ასრულებს აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში რეგიონში, განსაკუთრებით სპარსეთის ყურეში, ერაყში, სირიასა და ავღანეთში მოქმედებების კოორდინაციაში.

22 ივნისს შეერთებულმა შტატებმა ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში მდებარე სამ ირანულ ბირთვულ ობიექტზე დარტყმა განახორციელა. ოპერაციაში გამოყენებული იყო ზემძლავრი ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები, რომლებსაც მხოლოდ აშშ-ის სამხედროები იყენებენ. ასეთი საბრძოლო მასალა განსაკუთრებით საჭირო იყო ფორდოს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმისთვის, რომელიც კლდის სიღრმეში მდებარეობს, სადაც ჩვეულებრივი იარაღი არაეფექტური იქნება.

იმავე დღეს, კვირას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ დარტყმებმა „მთლიანად გაანადგურა“ ირანის ბირთვული პროგრამა.

პასუხად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი "პასუხის აგებს“ ამ ქმედებებისთვის.