უნგრეთის ახალი მმართველი პარტიის "ტისას" ლიდერი და მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.

მადიარს ჟურნალისტებმა "პროუკრაინული მთავრობის" შესახებ ორბანის განცხადების კომენტირება სთხოვეს.

"არავის სურს პროუკრაინული მთავრობა, ყველას სურს პროუნგრული მთავრობა", - აღნიშნა მან.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე უნგრულ გაზეთთან ინტერვიუში მადიარმა რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ვითარებაში რუსეთთან დიალოგი, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს.

"გარემოებები თუ მოითხოვს, რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. დივერსიფიკაცია უნდა გავზარდოთ, მაგრამ ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, მოლაპარაკებას გავმართავთ, მაგრამ მეგობრები არ გავხდებით“, – განაცხადა მადიარმა.

მისივე თქმით, ახალი მთავრობა ყურადღებას გაამახვილებს უნგრელების რეალურ პრობლემებზე და არა საგარეო პოლიტიკურ თამაშებზე.