გერმანია აცხადებს, რომ რუსული დრონების თავდასხმა არ იყო "ნავიგაციური შეცდომა“, როგორც ამის დამტკიცებას რუსეთი ცდილობს, ბერლინი კრემლს ესკალაციის საპასუხოდ მკაცრ პასუხს გასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადეს.

პისტორიუსის განცხადებით, პოლონეთზე დრონებით თავდასხმა განზრახული იყო. რუსეთმა "შაჰედები“ პოლონეთის ტერიტორიაზე მიზანმიმართულად გაგზავნა და ამას ნავიგაციური შეცდომა არ შეიძლება ვუწოდოთ.

ვადეფულის თქმით კი, რუსეთმა ესკალაციის სურვილი გამოხატა, ამიტომ, კრემლი მკაცრ პასუხს მიიღებს.

10 სექტემბრის ღამეს, უკრაინაზე თავდასხმის დრონებით შეტევისას ნატოს წევრ პოლონეთის ტერიტორიაზე სულ მცირე 19 დრონი შეფრინდა, რომელთაგან ოთხი ჩამოაგდეს. პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იდენტიფიცირებულია შვიდი დრონი და "უცნობი წარმოშობის რაკეტის ნარჩენები“.

ჩრდილოატლანტიკურმა ხელშეკრულების ორგანიზაციამ რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით მე-4 მუხლი აამოქმედა. ეს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, სიტუაცია ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში მოკავშირეებთან განიხილონ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე ალიანსის რეაგირებას „ძალიან წარმატებული“ უწოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასულმა ღამემ აჩვენა ნატოს მზადყოფნა, დაიცვას თავისი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, მათ შორის საჰაერო სივრცე.