ირანში ვერაფერი შევა, თუ ჩვენ ამას არ მოვინდომებთ და ვერაფერი გავა იქიდან, ვიდრე შეთანხმება ან სრული კაპიტულაცია არ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

"ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად ორპირია. ისინი ითხოვენ შეხვედრას, ზოგი იტყვის, რომ ისინი "გვეხვეწებიან“. იწყება მოლაპარაკებები რომელთაგან უფრო მეტი უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი, ისინი კი ღიად და ამაყად აცხადებენ, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არაფერზე საუბრობენ და მხოლოდ "ომანთან“ აქვთ საქმე. შემდეგ ისინი კვლავ იწყებენ თავიანთ ჩვეულ საუბარს და აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეს თავად ძლიერად მართავენ, მაშინ როცა ის უკვე სრულად კონტროლდება შეერთებული შტატების საზღვაო ძალებისა და ჩვენი „ბლოკადის“ მიერ, რომელსაც ზოგიერთი „შეერთებული შტატების ფოლადის კედელს“ უწოდებს.

ირანში ვერაფერი შევა, თუ ჩვენ ამას არ მოვინდომებთ და ვერაფერი გავა იქიდან, ვიდრე შეთანხმება ან სრული კაპიტულაცია არ იქნება მიღწეული. იმის მიუხედავად, სურს თუ არა ირანს ამის აღიარება, ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ იმ პრობლემის გადაწყვეტაზე, რომელიც მათ ათწლეულების განმავლობაში შექმნეს. ეს ძალიან მარტივია – ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“, – წერს ტრამპი.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები დღეს განახლდებოდა, თუმცა ირანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.