ზამთრის დეფიციტურ პერიოდში, როცა ჩვენ არ გვაქვს წყლის რესურსები, ანუ, გენერაცია იკლებს, ჩვენ ელექტროენერგიას ვყიდულობთ მტრისგან - ოკუპანტისგან, რუსეთისგან, ანუ, ჩვენი ენერგოუსაფრთხოება დამოკიდებული გახდა მტერზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთზე დამოკიდებულება გაზის სფეროშიც იგრძნობა.

"ელექტროენერგია ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკული რესურსია, მაგრამ "ნამახვანი", "ხუდონი", "ნესკრა" - ეს იყო პროექტები, რომლებიც 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. საერთოდ, მიხეილ სააკაშვილმა გაანათა ეს ქვეყანა და ჩვენი ენერგოუსაფრთხოება იყო დაცული, ჩვენ არ ვიყავით არავისზე დამოკიდებული, ზამთრის დეფიციტურ პერიოდში ელექტროენერგიას ვყიდულობდით აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, ეს შესყიდვა იმასაც უკავშირდებოდა, რომ ჩვენ ამ ქვეყნებს ტრანზიტსაც ვუტარებდით ამ ქვეყნებს და შესაბამისი წილი გვქონდა ამ ტრანზიტში.

ახლა კი ასეთი ვითარებაა - ზამთრის დეფიციტურ პერიოდში, როცა ჩვენ არ გვაქვს წყლის რესურსები, ანუ, გენერაცია იკლებს, ჩვენ ელექტროენერგიას ვყიდულობთ მტრისგან - ოკუპანტისგან, რუსეთისგან, ანუ, ჩვენი ენერგოუსაფრთხოება დამოკიდებული გახდა მტერზე. მარია ზახაროვა ხომ გამოვიდა და გვითხრა, რომ რა ევროკავშირი მოგინდათ, ჩაგაბნელებთ ისევო?!  ასეთი კატასტროფა ელექტროენერგიის მიმართულებით კი არ არის მხოლოდ, გაზმომარაგების კუთხითაც ასეა. რაღაც ავარია რომ მოხდეს, გაზი არ გვექნება ქვეყანაში და ზამთრის დეფიციტურ პერიოდში გაზის მიმართულებითაც რუსეთზე გავხდით დამოკიდებული. ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა რუსეთს ჩაუგდო ხელში და ჩვენი ეს ელექტროსისტემების ჩავარდნები არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ატარებს ივანიშვილი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.