ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნების დროს, სულ მცირე, 14 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

"ბიბისის“ ცნობით, ჯარისკაცები კასპიის ზღვამ გაიტაცა, კიდევ სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამდებობის პირია დაკავებული. მათ სამსახურებრივ დაუდევრობასა და გემის მართვის წესების დარღვევაში სდებენ ბრალს. დაკავებულებს შორის არიან ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის პირველი მოადგილე, ორი სამხედრო ნაწილის მეთაური, ასევე საზღვაო ქვეითთა ასეულის და კატარღის მეთაურები.

შემთხვევა 24 სექტემბერს, ყაზახეთის სამხრეთ-დასავლეთით, მანგისტაუს ოლქში მოხდა.

ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა, რომ ზღვამ 17 ადამიანი გაიტაცა. მისივე თქმით, შემთხვევა სასწავლო-საბრძოლო დავალების შესრულებისას, მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესებისა და ქარის გაძლიერების შედეგად მოხდა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და 25 სექტემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.