იმ ოპო-პოლიტიკოსებს, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით, - ამის შესახებ ციხიდან გავრცელებულ წერილში პაატა ბურჭულაძე წერს.

"4 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება, რაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოქალაქეებმა ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელსაც არა მარტო ყველა ქალაქიდან და რაიონული ცენტრიდან, არამედ თითქმის ყველა სოფლიდანაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები. ასევე, კრებაზე სპეციალურად იყვნენ ჩამოსული დელეგატები აფხაზეთიდან (გალის რაიონი), სამაჩაბლოდან და ემიგრაციიდან.

ერთ-ერთი პროცესზე ჩემმა ადვოკატმა ილიას სიტყვები მოიყვანა არგუმენტად ღვინის დაწურვაზე. ახალდაწურული ღვინო თავიდან დუღს და ყველაფერი ერთმანეთში ირევა, სიტკბო, სიმწარე და ნალექიც. მერე დრო გადის და ღვინო იწმინდება და თავის ნამდვილ ფერს იძენს. სწორედ ამ გზას გადის საქართველოს ეროვნული კრება და რაც დრო გადის, უფრო ფასდება მისი მნიშვნელობა. ბევრ არაკეთილმოსურნეს ამა თუ იმ მიზეზების გამო უნდოდა და ახლაც უნდა მისი დაკნინება, მაგრამ არ გამოუვიდა; კრება შედგა! მან ერთხმად მიიღო დეკლარაცია და ეს ფაქტია. მართალია „ოცნება“ ჯიუტად არ იმჩნევს, დეკლარაციას, რომელსაც ერთხმად ასობით ათასმა მოქალაქემ უყარა კენჭი და აგრძელებს ბოროტად „მთავრობანას“ თამაშს, მაგრამ ხალხის მხარდაჭერის გარეშე ის უკვე დიდხანს ვერ გასტანს.

ვღებულობ წერილებს, მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მწერენ, რომ მათ შეიცვალეს აზრი და ახლა ხედავენ, დადებითად აფასებენ კრების გადაწყვეტილებას და დარწმუნებული არიან, რომ რაც დრო გავა, ის უფრო დაფასდება და ის უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან.

შეგახსენებთ, რომ, საქართველოს მოქალაქეებმა, 4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების „გადარჩევნები“; ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.

ჩემო თანამებრძოლებო!

• ჩვენ ეს შევძელით: ოცნების „არჩევნების“ დღეს, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ!

• თვითმმარქვიების დრო სამუდამოდ უნდა მორჩეს საქართველოში. სანამ ერთად ვართ ჩვენ ვერც შიდა და ვერც გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს!

• გამარჯვება გარდაუვალია!

• გაუმარჯოს თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოს, ბრძოლა ბოლომდე!“, – წერს ბურჭულაძე.