ავსტრია აგრძელებს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მხარდაჭერას, ის უნდა იყოს მდგრადი და მხარდაჭერილი ძლიერი უსაფრთხოების გარანტიებით, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა განაცხადა.

"რუსეთის დამპყრობლურმა ომმა ფუნდამენტურად შეცვალა ევროპა. უკრაინაში უკვე 1200 დღეზე მეტია ტანჯვა და სიკვდილია. დადგა დრო, რომ მკვლელობები შეწყდეს. ამიტომ, რუსეთი ნამდვილად უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მშვიდობა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი, რომელიც გამყარებული იქნება ძლიერი უსაფრთხოების გარანტიებით“, - განაცხადა მინისტრმა ვენაში 29-ე ევროპული ფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას.

მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობა ვერ იქნება უკრაინის გარეშე და ევროპაში უსაფრთხოება ვერ იქნება ევროპელების გარეშე.

ამასთან, როგორც მაინლ-რაიზინგერმა განაცხადა, ავსტრია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, განსაკუთრებით კიევის ევროკავშირში გაწევრიანების განზრახვასთან დაკავშირებით.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ ახალი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მომავლისთვის.

"ეს ნიშნავს სრულ მონაწილეობას ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში. და ეს ნიშნავს ერთად დგომას, გაერთიანებას და თავდაჯერებულობას. ევროპელები ძლიერები არიან, როდესაც ერთი ხმით საუბრობენ“, - განაცხადა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა.

მისივე თქმით, ავსტრიას თავისი წვლილი შეაქვს, კერძოდ, ის ხელს უწყობს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შემდგომ განვითარებას და "ჭეშმარიტი თავდაცვის კავშირის“ შექმნას.

"ჩვენ ასევე ვაძლიერებთ საზოგადოების ცნობიერებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ, რადგან ევროპული უსაფრთხოება თითოეულ ჩვენგანს ეხება“, - განაცხადა მან.