გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ბერლინში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გამოძახება "ძალიან მკაფიო დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს ხელმძღვანელობისთვის“.

მისივე თქმით, გერმანიის საგარეო უწყების მოლოდინია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩის მიმართ პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ფიშერი საქართველოში დაბრუნების შემდეგ "განაგრძობს თავის ერთგულ საქმიანობას", ხოლო საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა.

"ჩვენ ახლა ქართულ ხელმძღვანელობას მისი ქმედებებით შევაფასებთ. ამით გამოვიტანთ შემდგომ დასკვნებს", - აღნიშნა მან.

გერმანიამ 19 ოქტომბერს ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. 6 ნოემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა.