ჩრდილოეთ კორეამ პირველად დაადასტურა, რომ რუსეთში ჯარები გაგზავნა, რათა მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარი დაუჭირონ, კერძოდ, კურსკის რეგიონში ბრძოლებში.

ჩრდილოეთ კორეის ჯარების გაგზავნა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის "ბრძანებით“ ფხენიანსა და მოსკოვს შორის დადებული ურთიერთდაცვის ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა.

"კურსკის ოლქის განთავისუფლების ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უგუნური შეჭრის მოგერიებას, წარმატებით დასრულდა“, - წერს KCNA და დასძენს, რომ ეროვნული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ოპერაციაში მონაწილეობდნენ "სახელმწიფოს მეთაურის“ კიმ ჩენ ინის ბრძანების შესაბამისად.

მედია ასევე ციტირებს კიმ ჩენ ინის სიტყვებს, რომელმაც ეს ქმედებები რუსეთთან მეგობრობისა და სოლიდარობის "წმინდა მისიად“ და ჩრდილოეთ კორეის "ღირსების დაცვა“ შეაფასა.

"ისინი, ვინც სამართლიანობისთვის იბრძოდნენ, ყველანი გმირები და სამშობლოს ღირსების წარმომადგენლები არიან", - თქვა მან.

გარდა ამისა, კიმმა განაცხადა, რომ ფხენიანში მალე ძეგლს დადგამენ და დაღუპული ჯარისკაცების საფლავის ქვებთან უკვდავების ლოცვებით ყვავილებს დააწყობენ.