აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესიდან არ გავა.

ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან ტრამპს ჰკითხა, თუ როგორ მიმდინარეობს სამშვიდობო პროცესი და სთხოვა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რომ შეერთებული შტატები უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლში დარჩენილიყო.

"მე ვკითხე, როგორ მიდიოდა სამშვიდობო პროცესი და ვთხოვე, ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რომ პროცესი გაგრძელებულიყო, რათა აშშ არ გამოსულიყო (შუამავლის როლიდან)“, - აღნიშნა კარისმა.

მისი თქმით, ტრამპი ამას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მხარეები უკვე საკმაოდ ახლოს არიან გადაწყვეტილებასთან.

"მან პირობა დადო, რომ გააკეთებდა ამას და თქვა, რომ ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ გადაწყვეტილების მიღებასთან, რადგან ის ახლახან შეხვდა ზელენსკის. რა თქმა უნდა, მე მას ბევრი არ ვკითხე იმის შესახებ, თუ რა მოიტანა ამ შეხვედრამ“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

26 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში ჩავიდა, რათა რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მიეღო მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში ზელენსკიმ საერთაშორისო ლიდერებთან არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

კერძოდ, ის შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ტრამპთან საუბარს კი "ძალიან სიმბოლური“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ტრამპსა და ზელენსკის შორის პირველი შეხვედრა იყო თეთრ სახლში კამათის შემდეგ.