პროტესტის გამოხატვის უფლებას გვართმევენ, ამას ასე არ დავტოვებთ, ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, - ამის შესახებ ჭიათურელმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სოფლის გამგებლებიც კი მოსახლეობის შანტაჟსა და მუქარაში არიან ჩართული, რომ მათ მაღაროებიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერონ ხელი.

როგორც მიქაცაძემ აღნიშნა, ემუქრებიან მოშიმშილე 30 წლის ირაკლი ჯიქიძესაც კი, რომელსაც მშრალი შიმშილობის გამო უკვე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

"ჭიათურა სოცკის მონურ უღელს არ დაიდგამს, კიდევ ერთხელ ვითხოვთ ყურადღებას, ეს შიმშილობაც ამიტომ არის, რომ ყურადღება მოგვაქციოს მთავრობამ, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, ვალდებულია ყურადღება მოგვაქციოს.

ამ მთავრობის იმედი უკვე ნაკლებად გვაქვს, მაგრამ პირდაპირ ვალდებულებას ვაკისრებთ, თუ მთავრობა არ ჩაერევა ამ შეთანხმებაში, დარწმუნებული ვარ, ძალიან მარტივად ორგანიზდება სხვადასხვა კერები საქართველოში და ეს არ იქნება ქვეყნისთვის კარგი. ბრძოლას ვაგრძელებთ, გვყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და ამ ბრძოლას ჭიათურისთვის სასიკეთოდ გადავწყვეტთ. უნდა მთავრობას ჩვენთან ერთად მმართველობა? უნდა, რომ ჭიათურის პრობლემები მოგვარდეს? ჩვენ აქ ვართ, არ უნდათ? კარგად ბრძანდებოდნენ, ჭიათურა გააგრძელებს ბევრად უკეთესად და ვერც სოცკი და ვერც მსგავსი, ჭიათურაში ასეთი ფორმით ვერ შემოვა, გამორიცხულია.

ყველა თანამდებობის პირი დღეს იმას ცდილობს, როგორ გააშავოს პროტესტი ჭიათურაში, ეს იმის მანიშნებელია, რომ ყველას უნდა, ჭიათურა არ იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ერთადერთი ხალხის იმედი გვაქვს", - განაცხადა მიქაცაძემ.

მისივე თქმით, პირველ მაისს ჭიათურაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.

"ხვალ ჭიათურაში მასობრივი შიმშილობის აქცია იწყება, ასევე, ხვალ თბილისში გვექნება პრესკონფერენცია და ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან. ხუთშაბათს, პირველ მაისს გვექნება გრანდიოზული აქცია ჭიათურაში და იქ კიდევ ბევრ სიახლეს გავაჟღერებთ", - განაცხადა მიქაცაძემ.

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებს.