რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მსოფლიოს ბირთვული იარაღით კიდევ ერთხელ ემუქრება, თუ "ქვეყნის ბედზე იქნება საუბარი".

"ბირთვული იარაღი საგანგებო და განსაკუთრებით საშიში იარაღია მთელი კაცობრიობის ბედისთვის, მაგრამ ამავდროულად, თუ ქვეყნის ბედზე იქნება საუბარი, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ რუსეთი მას გამოიყენებს", - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, რუსეთი არ არის დაინტერესებული გლობალური კონფლიქტით, რადგან "რუსები გიჟები არ არიან".

კითხვაზე, განიხილა თუ არა რუსეთის ხელმძღვანელობამ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, მან უპასუხა, რომ "რუსეთი მკაცრად მოქმედებს თავისი ბირთვული დოქტრინის შესაბამისად“, რომელიც ნათლად არის გაწერილი და არ არის საჭირო ამ იარაღის გამოყენების ცალკე განხილვა.

მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რადგან მოსკოვმა დღემდე არ გამოიყენა ბირთვული იარაღი, ქვეყნისთვის საშიში საფრთხეები არ ყოფილა.

რუსეთის ხელმძღვანელობა და მათ შორის მედვედევი მსოფლიო ბირთვული დარტყმით არაერთხელ დაემუქრა.