რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და 37 რაკეტა გაუშვა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, კვლავ ორმაგი ტერორის ტაქტიკა გამოიყენა. სამიზნე ხუთი რეგიონის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად არიან დაჭრილები.

"ამჟამად ყველგან აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამსახურები მუშაობენ. დადასტურებულია, რომ რუსები ორმაგ ტერორს იყენებენ - ისინი იყენებენ "შაჰედებს" კასეტური საბრძოლო მასალით და ახორციელებენ შემდგომ დარტყმებს, რათა დაჭრან მეხანძრეები და ენერგეტიკოსები, რომლებიც დაზიანებული ტერიტორიების აღდგენაზე მუშაობენ.

პუტინი ყრუა ყველაფრის მიმართ, რასაც მსოფლიო ამბობს, ამიტომ ერთადერთი ენა, რაც მას ჯერ კიდევ ესმის, არის ზეწოლის ენა. ზეწოლა სანქციების გზით, ზეწოლა შორ მანძილზე განხორციელებული თავდასხმების გზით. შესაძლოა, არსებობდეს ძლიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც დაგვეხმარება. და ეს დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე, ევროპაზე, ყველა პარტნიორზე, რომელთა სიძლიერეც პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, დასრულდება თუ არა ომი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების იმპულსი ახლა მნიშვნელოვანია.

"ეს ასევე შესაძლებელია ევროპაში. სწორედ ამაზე ვისაუბრებ დღეს და ხვალ ვაშინგტონში“, - აღნიშნა მან.