თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი შესაძლოა, დასასრულს უახლოვდება. მან ეს შეფასება ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.

ერდოღანის თქმით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს „სამშვიდობო ძალისხმევა“, რომელიც მიზნად ისახავს საბრძოლო მოქმედებების დასრულებას. თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა გააგრძელოს აქტიური როლის შესრულება სამშვიდობო პროცესში.

"პუტინთან ამ შეხვედრის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად განვიხილავთ სამშვიდობო გეგმას. მშვიდობა უკვე ახლოსაა, ჩვენ ვხედავთ ამას“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს თურქმენეთიდან დაბრუნებისას.

ერდოღანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვა არ უნდა გადაიქცეს საომარ ზონად, რადგან ეს ზიანს მიაყენებს როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს. მან განაცხადა, რომ რეგიონში საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოება ყველა მხარისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ეს განცხადებები უკრაინის პორტებზე რუსეთის თავდასხმების ფონზე გაკეთდა. უკრაინელი ოფიციალური პირებისა და გემთმფლობელების ცნობით, დაბომბვის შედეგად მინიმუმ სამი თურქული გემი დაზიანდა.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს აშხაბადში ფორუმის ფარგლებში შეხვდნენ. კრემლის ცნობით, მოლაპარაკებების დროს პუტინმა და ერდოღანმა განიხილეს ევროკავშირის პოზიცია რუსული აქტივების შესახებ, ასევე უკრაინაში არსებული ვითარება.