რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში სუ-27 მრავალფუნქციური გამანადგურებელი ჩამოვარდა, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი მთლიანად განადგურდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები მუშაობენ.

პოლიციის წყაროების ცნობით, ერთ-ერთი პილოტი უკვე ნაპოვნია, მეორე კი ეძებენ.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა სუ-27 გამანადგურებელი დაკარგა. მაგალითად, ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთმა მარტის ბოლოს ყირიმის თავზე სავარაუდოდ, საკუთარი სუ-27 ჩამოაგდო. ადრეც იყო ცნობები "მეგობრული ცეცხლის“ მსგავსი არაერთი შემთხვევის შესახებ, განსაკუთრებით უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სუ-27 არის მეოთხე თაობის მრავალ მრავალფუნქციური გამანადგურებელია, რომელიც შექმნილია საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად. სუ-27 გამოყენება საბჭოთა საჰაერო ძალების მიერ 1985 წელს დაიწყო.