11 მარტის ღამეს უპილოტო სისტემების ძალებმა, სპეცოპერაციების ძალებმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობით განახორციელეს დარტყმები რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ ობიექტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ მის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თავდასხმების სამიზნე იყო ძირითადი წარმოების ობიექტები და ინფრასტრუქტურა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

დაფიქსირდა დარტყმა მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე, რომელსაც წელიწადში 11 მილიონი ტონა საწვავის გადამუშავება და დიზელით, ბენზინით მოსკოვის მოთხოვნის 40-50 პროცენტის უზრუნველყოფა შეუძლია.

ასევე, აფეთქებები მოხდა ორლოვის ოლქში, ხაზოვანი წარმოების დისპეტჩერიზაციის სადგურის, „ფოლადის ცხენის“ მიდამოში, რაც უზრუნველყოფს ნავთობის მილსადენის „დრუჟბას“ ტექნოლოგიური პროცესების მართვას და არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ლენინგრადის რეგიონში საზღვაო „უსტ-ლუგას“ ტერმინალზე ნავთობის მიწოდების პროცესებში.

ღია წყაროების თანახმად, ცნობილია, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის მოქმედებების შედეგად დაზიანდა არაერთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი.

"უკრაინის თავდაცვის ძალებს აქვთ დეტალური ინფორმაცია სტრატეგიული ობიექტების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერაში უკრაინის წინააღმდეგ, იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და იღებენ ზომებს მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.