რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დაიწყეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმა, უკრაინა უპასუხებს მსგავს თავდასხმებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, შტაბის დღევანდელ სხდომაზე უპირველეს ყოვლისა ტექნოლოგიური საკითხები განიხილებოდა, ეს ეხება საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების ხელმისაწვდომობას, წარმოების გრაფიკს და მიწოდების გრაფიკს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კიდევ ერთი საკითხი იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის, პირველ რიგში, ენერგეტიკის დაცვა.

"რუსები ახლა კვლავ კონცენტრირდებიან დარტყმებზე ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვპასუხობთ და ვუპასუხებთ, მაგრამ მთავარი სისტემის სტაბილურობაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ასევე მოისმინა ინფორმაცია უკრაინული დრონების წარმოების შესახებ: დრონების ხარისხი და რაოდენობრივი მაჩვენებლები.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა მწარმოებელს, რომელიც ზრდის მიწოდებას, მათ შორის შორი მოქმედების იარაღის.