ევროპის უსაფრთხოება პირდაპირ დამოკიდებულია ალიანსის ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდასა და უკრაინის მაქსიმალური სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

რუტეს თქმით, ნატომ მშვიდობის გარანტირების გასაგრძელებლად ორი ძირითადი პირობა უნდა შეასრულოს. ესენია შეიარაღებაზე ხარჯების გაზრდა და წარმოების გაზრდა, ასევე უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ომში. მან აღნიშნა, რომ თუ რუსეთი მთელ უკრაინას დაიპყრობს, ალიანსისთვის შედეგები გაცილებით სერიოზული იქნება და გაცილებით მეტ ხარჯებს მოითხოვს.

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ შობა და შემდეგაც უსაფრთხოდ გაგრძელდეს. თუმცა, ამისათვის ჩვენ უნდა გავზარდოთ სამხედრო ხარჯები და უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა მაქსიმალურად ძლიერი დარჩეს. თუ რუსეთი მთელ უკრაინაზე კონტროლს მოიპოვებს, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება ნატოსთვის და ჩვენ გაცილებით მეტის დახარჯვა მოგვიწევს“, - განაცხადა რუტემ.

მან ასევე ისაუბრა რუსული არმიის დანაკარგების მასშტაბებზე. ნატოს შეფასებით, რუსეთმა წელიწადში 1.1 მილიონამდე ადამიანი დაკარგა (დაღუპული და დაჭრილი), ხოლო უკრაინის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლები მოიპოვა.

"პუტინი მზადაა, მინიმალური ტერიტორიული მოგებისთვის 1.1 მილიონი საკუთარი მოქალაქე გაწიროს. ეს საშინელებაა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით“, - განაცხადა რუტემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთს მომავალში, ნატო მზად უნდა იყოს საფრთხეებისთვის.

"ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები. ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია თავდაცვაში, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და მოვიზიდოთ საუკეთესო ადამიანები, რათა მზად იყვნენ ნებისმიერი გამოწვევისთვის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.