აშშ-ის მთავრობის დახურვამ ნატოსა და უკრაინაში 5 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების იარაღის ექსპორტი შეაფერხა, - ამის შესახებ Axios წერს.

გამოცემის ცნობით, მთავრობის მუშაობის შეჩერებამ, რომელიც უკვე 40 დღეა, გრძელდება, რამდენიმე ფედერალური სააგენტოს, მათ შორის ექსპორტის კონტრაქტების დამტკიცებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს პარალიზება გამოიწვია.

ოფიციალური პირების თქმით, შეჩერებამ გავლენა მოახდინა იარაღის, მათ შორის AMRAAM რაკეტების, Aegis საბრძოლო სისტემების და HIMARS-ის მიწოდებაზე ისეთი მოკავშირეებისთვის, როგორიცაა დანია, ხორვატია და პოლონეთი.

როგორც აღინიშნა, ექსპორტის საბოლოო დანიშნულების ადგილი გაურკვეველია, თუმცა ნატოს მოკავშირეებისთვის მიყიდული იარაღი ხშირად უკრაინის დასახმარებლად გამოიყენება.

დაუმთავრებელი ტრანზაქციები მოიცავს, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ ნატოს მოკავშირეებისთვის იარაღის პირდაპირ მიყიდვას, ასევე აშშ-ის კერძო თავდაცვის კომპანიებისთვის იარაღის ექსპორტის ლიცენზირებას.

დახურვის შედეგად, სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალი თანამშრომელი, რომელთა მოვალეობაც კონგრესის კომიტეტის თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და პროცესის დასრულების უზრუნველყოფაა, შვებულებაში გაიყვანეს, რამაც სამუშაო შეანელა.