ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს განათლების სამინისტრო ეხმაურება და მას დეზინფორმაციას უწოდებს.

უწყების განმარტებით, ინფორმაცია, თითქოს ახალი კანონის მიხედვით, მასწავლებლებს სკოლის გარეთ, დირექტორის თანხმობის გარეშე მოსწავლეების მომზადება აღარ შეეძლებათ, სიცრუეა.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კერძო რეპეტიტორებს და დამკვეთებს, იგივე მშობლებს შორის ურთიერთობები სცილდება განათლების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც ის ვერ იქნება განმარტებული, როგორც პედაგოგიური საქმიანობა და მათზე ვერ გავრცელდება ამ მიმართულების შეზღუდვები. კანონში შესული ცვლილება არ ეხება კერძო რეპეტიტორებს, რომლებიც მოსწავლეებს სახლში ამზადებენ. საუბარია, მოსამზადებელ ცენტრებში დასაქმებულ პედაგოგებზე, რომლებიც პარალელურად საჯარო სკოლაში ასწავლიან.

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის" კანონმდებლობის შედეგად განისაზღვრა გარკვეული ტიპის სფეროები, სადაც დამატებითი საქმიანობა დაშვებულია. მათ შორის განათლების სფეროში ასეთად განისაზღვრა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა. დამსაქმებლის თანხმობით, პედაგოგებს, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დამატებით ეწეოდნენ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.

რაც შეეხება საგამონაკლისო წესებს, მაგალითად, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება მასწავლებლებსა და ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით. გვინდა, განვმარტოთ, რომ, საქართველოს საგანმანათლებლო კანონმდებლობის მიხედვით, რეპეტიტორის დეფინიცია არ არსებობს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ვისაუბროთ გარკვეული ტიპის შეთავსებებზე ან თანხმობებზე, რადგან ასეთი ტიპის განმარტება კანონმდებლობაში არ არსებობს. შესაბამისად, ორ ფიზიკურ პირს შორის თუ რაიმე ტიპის შეთანხმება ხდება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მომსახურების გაწევა და საგანმანათლებლო ცოდნის გაზიარება, ეს განათლების კანონმდებლობას სცილდება. აქედან გამომდინარე, ის ვერ იქნება განმარტებული, როგორც შეთავსებითი ტიპის საქმიანობა", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.