აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გამართა ვლადიმერ პუტინთან და მხარეები უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის იმუშავებენ.

"ჩემი დღევანდელი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული. ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, იმის გაგებით, რომ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრული შეწყვეტასა და საბოლოოდ ამ საშინელი ომის დასასრულებლად რუსეთსა და უკრაინას შორის", - წერს ტრამპი.

მისივე თქმით, მან პუტინთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ელემენტების ფართო სპექტრი განიხილა და კიდევ ერთხელ შეეხო ბრძოლის ველზე ჯარისკაცების დაღუპვის თემას.

"როგორც პრეზიდენტ პუტინს, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის სურთ, რომ ეს დასრულდეს. ეს პროცესი სრულ ძალაში შევიდა და ჩვენ, იმედია, მთელი კაცობრიობის სახელით, ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ", - აღნიშნა მან.

18 მარტს დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა.

მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პუტინმა უარყო ტრამპის წინადადება უპირობო, სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სანაცვლოდ, დათანხმდა მხოლოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებას.