აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის "ძალიან კარგი შანსი“ არსებობს. 

დღეს, 7 ნოემბერს, ამერიკის ლიდერი ვაშინგტონში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მასპინძლობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ბუდაპეშტში პუტინთან შეხვედრის შანსი, ტრამპმა დადებითად უპასუხა. „შანსი ყოველთვის არის, ძალიან კარგი შანსი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ოქტომბერში დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს და განაცხადეს, რომ აპირებდნენ ორ კვირაში უნგრეთის დედაქალაქში პირისპირ შეხვედრას. მოლაპარაკებებისთვის მზადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოორდინაციას უწევდნენ, თუმცა ამერიკელმა ლიდერმა შეხვედრა მალევე გააუქმა.

23 ოქტომბრის ღამეს, ტრამპმა სანქციები დააწესა ორი რუსული ნავთობგიგანტის - „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მოსკოვს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დათანხმებულიყო ცეცხლის შეწყვეტას.