უკრაინა კვლავ რუსეთის შემდგომი სარაკეტო დარტყმების განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ რჩება, სწორედ ამიტომ სჭირდება უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

კიევზე დღეს ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის დროს უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის პაკეტების საჭიროება აშკარაა და კიევი ამჟამად ყველა პარტნიორთან მუშაობს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

"უახლოეს დღეებში შემდგომი სარაკეტო დარტყმების განსაკუთრებული საფრთხე კვლავ არსებობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, საპასუხოდ, მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, რაც ერთობლივი გაბედული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

განხილვის ცალკე თემა იყო ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებით შექმნილი გამოწვევები. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ აღარ აქვთ ომის გახანგრძლივების პოტენციალი.