უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის შეხვედრა სამშაბათს, 28 ივლისს, ვაშინგტონში გაიმართება, - ინფორმაცია Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

ამავდროულად, უკრაინულმა წყარომ განაცხადა, რომ ზელენსკი დაინტერესებულია შეერთებულ შტატებში ვიზიტით, თუმცა მისი გუნდი თეთრი სახლისგან ტრამპის გრაფიკის ოფიციალურ დადასტურებას ელოდება.

წყაროს ცნობით, უკრაინელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განიხილეს საჰაერო საომარი მოქმედებების შეწყვეტის წინადადება, რომლის წარდგენაც ისინი რუსული მხარისთვის უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული სამშვიდობო ინიციატივების ახალი რაუნდის ფარგლებში გეგმავენ.

ამასთან, ზოგიერთი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ უკრაინის დრონებით და სარაკეტო დარტყმებით რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლამ შესაძლოა, პუტინის პოზიცია შეარბილოს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპთან შეხვედრის გარდა, ზელენსკი იმავე დღეს ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს.

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები წელს უკვე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი იანვარში დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა. მეორე შეხვედრა 16 ივნისს, საფრანგეთში, დიდი შვიდეულის სამიტზე გაიმართა, მესამე კი 8 ივლისს, ანკარაში, ნატოს სამიტზე, სადაც მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემის ლიცენზირება იყო.