ევროკავშირი გარკვეულ ვადას გვაძლევს, მაგრამ გვაფრთხილებს: დენთის კასრზე ვზივართ და ფითილი უკვე ანთია. ივანიშვილი აფეთქდება, მაგრამ მიყვება თუ არა მას ქვეყანა? ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია, - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

"ვაგრძელებ გუშინდელ თემას: როგორ შემოსვა ევროკავშირმა ქართული ოცნება და მისი საყრდენი სისტემები და ფუნქციონირების მექანიზმები დენთის კასრზე: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტის ფარგლებში, 33 რუსული ბანკი ჩამოშორდა SWIFT სისტემას. ეს ბანკები ვეღარ შეძლებენ ტრანზაქციებისა და შეტყობინებების გაცვლას SWIFT-ის საშუალებით მთელ მსოფლიოში. ეს პაკეტი 218 ერთეულს მოიცავს (170 კომპანია და 48 ფიზიკური პირი) და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სანქციების პაკეტია.

რა არის SWIFT: ეს მსოფლიო ბანკთაშორისი გადარიცხვების სისტემაა. ბანკი, რომელიც SWIFT-ში არ არის, საერთაშორისო ფინანსებისთვის მკვდარია: ვერც გზავნის ფულს, ვერც იღებს.

SWIFT-იდან გათიშულთა შორის არიან ასევე მესამე ქვეყნების ბანკები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლას ეხმარებოდნენ, მაგალითად, მონღოლეთში, ინდოეთში (Sberbank-ისა და VTB-ის შვილობილი კომპანიები) და ჩინეთში.

რა მოუვა ივანიშვილს, თუ იგივე მის მიმართ განხორციელდა: ისედაც ამერიკის ხაზინის სანქციის ქვეშ მყოფისთვის, ეს ნიშნავს, რომ მისი მილიარდები დასავლურ სისტემაში სრულიად და, მაღალი ალბათობით, სამუდამოდ ჩაიკეტება. იგივე ბედი ეწევა მის და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირსაც. მაგალითად, ბანკი ქართუ ამ სანქციის ამოქმედების დღიდანვე ფაქტიურად აღარ იარსებებს. ბანკი ქართუ კი, უდიდესი ალბათობით, არა მარტო ივანიშვილის, არამედ ძალიან ბევრი რუსი ოლიგარქის ფულის რეცხვის მანქანაა. ცხადია, არა უსასყიდლოდ. ივანიშვილი რომ ფულს აკეთებს ამაზე, ისევე, როგორც საქართველოს ოფშორიზაციაზე, ფულის ფიზიკური მასების ტრანზიტზე ქვეყნის გავლით და ყველა მსგავს ტრანსნაციონალურ და კონვენციურ დანაშაულზე, ესეც ცნობილი ამბავია, და არა მარტო ჩვენთვის.

ნებისმიერი ქართული ბანკი, რომელიც კრიპტოვალუტით რუსული ფულის გატარებაში დადანაშაულდება, ზუსტად მონღოლური, ინდური და ჩინური ბანკების ბედს გაიზიარებს. და ასეთები რომ არსებობენ, მათ შორის და სამწუხაროდ, ყველაზე მსხვილ ბანკებს შორისაც, ეს ფაქტია. ქვეყნის მთავარი ბანკი (ეროვნული ბანკი) კი შემჩნეულია სანქციების დარღვევის სქემებზე არა მხოლოდ თვალის დახუჭვაზე, არამედ კომერციული ბანკებისგან კონკრეტულ მოთხოვნებისა თუ დავალებების გაცემაში, რაც სავარაუდოდ, ამ სქემების უზრუნველყოფას ემსახურება.

ეს მოთხოვნები უკანონოა და ეწინააღმდეგება არა მხოლოდ შიდა კანონმდებლობას და რეგულაციებს, არამედ საერთაშორისო და კონვენციურ მოთხოვნებსა და რეგულაციებს. შესაბამისად, კომერციული ბანკების პასუხისმგებლობა არ უქმდება და ეროვნული ბანკის მითითებების მომიზეზება არარელევანტურია.

რა მოუვა ქართულ ეკონომიკას, თუ ქართული ბანკები SWIFT-იდან გავარდნენ: გაჩერდება ექსპორტ-იმპორტი, გადმორიცხვები ემიგრანტებისგან, ტურიზმის შემოსავლები. ლარი ჩამოიშლება ტოტალურად და აღუდგენლად. ეს იქნება სრული ეკონომიკური კოლაფსი, რომელსაც ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობა და რუსული კურსი მოგვიტანს. კატასტროფა, რომელიც ნამდვილად დაიმსახურა ივანიშვილმა, მისმა კორუმპირებულმა და კრიმინალურმა გარემოცვამ, მისმა ე.წ. enabler-ებმა (მათ შორის, ზოგიერთმა კომერციულმა ბანკებმა, თანამდებობის პირებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა, პირადმა ბიზნესმენებმა, პროპაგანდისტებმა), მაგრამ ეს ასევე უმძიმეს და, შესაძლოა, გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს ქართულ ეკონომიკას.

სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანასაც უმძიმესი დარტყმის გადატანა მოუწევს, ევროკავშირი გარკვეულ ვადას გვაძლევს, მაგრამ გვაფრთხილებს: დენთის კასრზე ვზივართ და ფითილი უკვე ანთია. ივანიშვილი აფეთქდება, მაგრამ მიყვება თუ არა მას ქვეყანა? ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია", - წერს ნიკა გვარამია.