ევროკავშირმა თავისი სიტყვა თქვა, 105 მილიარდი დოლარი გამოუყო უკრაინას და ბოლომდე მხარში დგომას დაჰპირდა, ახლა ჯერი ტრამპზეა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.

მისივე თქმით, ყველაზე რეალისტური პასუხი სანქციების გამკაცრება და უკრაინისთვის შორსმსროლელი ფრთოსანი რაკეტების გადაცემა იქნება.

"პუტინის გუშინდელმა პირდაპირმა სატელევიზიო ეთერმა, სადაც ხალხს ვითომ შეეძლო შეკითხვების დასმა, გვაჩვენა, რომ ის არ აპირებდა და არც მომავალში აპირებს ომის დამთავრებას. ვისაც რაიმე ილუზიები აწუხებს ან იმედები შემორჩა, სჯობია დაივიწყოს - ეს იყო მისი ტელეჩართვის მთავარი შინაარსი.

ყველა ის მოლაპარაკება, რასაც პუტინი ტრამპთან აწარმოებდა, იყო თვალის ახვევისთვის და სანქციების გადავადებისკენ მიმართული. ყველაფერი, რასაც ამბობდა, პირდაპირ თუ ირიბად ომის აუცილებლობასთან იყო დაკავშირებული. ის არაადამიანური მოსაზრება, რომ არასრულწლოვანმა ბავშვებმა უნდა იქორწინონ, რათა ბავშვები გააჩინონ, რომ ასეთი პრაქტიკა არის ჩრდილოეთ კავკასიაში და ამის შესახებ კადიროვისგან უნდა, რომ მიიღოს რჩევები, საზარბაზნე ხორცის საჭიროებით იყო განპირობებული.

მისი მოთხოვნები კიდევ უფრო იყო გაზრდილი, ვიდრე უკრაინული ჯარების დონბასის ოლქიდან გაყვანა, რაზეც თითქოს ტრამპს არწმუნებდა.

უკვე ითხოვს არჩევნების ჩატარებას არა მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ამ უკანასკნელში მცხოვრებმა უკრაინელებმა (რომლებიც უკვე რუსეთის მოქალაქეები არიან) არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. სრული აბსურდია რა თქმა უნდა. ამით დასცინის ყველას და მძიმე მდგომარეობაში აყენებს ტრამპს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ატყუებდა და იყენებდა.

ვნახოთ, რა საპასუხო ნაბიჯები იქნება გადადგმული დასავლეთის მხრიდან. ევროკავშირმა თავისი სიტყვა თქვა, 105 მილიარდი დოლარი გამოუყო უკრაინას და ბოლომდე მხარში დგომას დაჰპირდა. ახლა ჯერი ტრამპზეა. ყველაზე რეალისტური პასუხი სანქციების გამკაცრება და უკრაინისთვის შორსმსროლელი ფრთოსანი რაკეტების გადაცემა იქნება", - წერს გოცირიძე.