უკრაინა მხარს დაუჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს შორის უნგრეთში დაგეგმილ სამიტს, მაგრამ ერთი პირობით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების წარდგენა შეუძლია, რომლებსაც ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან განიხილავს.

ზელენსკის თქმით, ორბანს ტრამპის უნგრეთში ჩაყვანა სურს რუს დიქტატორთან შესახვედრად.

"თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. თუ შეხვედრა გაიმართება, რომელიც საბოლოოდ უზრუნველყოფს ცეცხლის შეწყვეტას და ომის დასრულებას, უკრაინა მხარს დაუჭერს ნებისმიერ ფორმატს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თუ ასეთი შეხვედრები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ელექტორატისთვის საჭირო იქნება და რაიმე შედეგს ვერ გამოიღებს, უკრაინა მათ მხარს არ დაუჭერს.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრა მიმდინარეობს.

ვაშინგტონში გამგზავრებამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა იქნებოდა.

დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა – აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრას, რაზეც დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ორბანი შესანიშნავი ლიდერია.