რუსეთი უახლოეს მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე ახალ სარაკეტო დარტყმებს ამზადებს, სპეცსამსახურებს ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემები აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დაზვერვისგან არის ინფორმაცია რუსების მიერ ახალი დარტყმებისთვის მზადების შესახებ.

"გთხოვთ, რეაგირება მოახდინოთ სარაკეტო საფრთხის სიგნალებზე და გაუფრთხილდით თავს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ამ სიგნალებზე რეაგირება მოახდინონ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, რომლებზეც დამოკიდებულია უკრაინისთვის ანტიბალისტიკური საშუალებების მიწოდება.

"ჩვენთვის გადმოცემული Patriot-ის თითოეული რაკეტა რუსეთის შესაძლებლობების შემცირებაა, ეს არის დარტყმა დიპლომატიისა და სიცოცხლისადმი მის უპატივცემულობაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ომი გრძელდება რუსეთის რწმენის გამო, რომ მას შეუძლია კვლა და ნგრევა.

"ის უნდა შევაჩეროთ. უნდა შევაჩეროთ ეს რუსული ომი. საჭიროა უკრაინის დახმარება და სიცოცხლის დაცვა. Patriot-ის რაკეტები საჭიროა აქ, უკრაინაში და ჩვენ ძალიან ველოდებით ამერიკის შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - აცხადებს ზელენსკი.