ხერსონში რუსულმა დრონმა მიზანმიმართულად დაარტყა ბოსტნეულის გამყიდველ მამაკაცს. ეს შემთხვევა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სისტემური ტერორის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბევრი შოკირებული იყო ე.წ. "საფარის" უახლესი ვიდეოთი, რომელიც რუსებმა თავად გაავრცელეს და ფაქტობრივად აღიარეს დანაშაული. უფრო მეტიც, ისინი არ მალავენ, რომ ამაყობენ ასეთი ქმედებებით.

პრეზიდენტის თქმით, ხერსონში მშვიდობიან მოსახლეობაზე ასეთი თავდასხმები ყოველდღიურად ხდება.

"ეს მსოფლიომ უნდა ნახოს. უნდა ნახოს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი გაგიჟდა და რომ მისი ჯარისკაცები სიამოვნებას იღებენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის, მისი აგრესიული პოტენციალის დემონტაჟისა და რეალური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე, შეუძლებელია ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა.

მისივე თქმით, მსოფლიომ უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ რუსეთი აიძულოს, ომის დასრულებაზე იფიქროს და არა მისი დრონების მოქმედების დიაპაზონის გაზრდაზე.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე "საფარი" უკრაინაში უნდა დასრულდეს და არ უნდა გავრცელდეს სხვა ქვეყნებში.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ფინეთს, ყაზახეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რუმინეთსა და მოლდოვას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ, რათა გაძლიერდეს ერთობლივი უსაფრთხოება და დაახლოვდეს ომის დასასრული.

"მშვიდობაა საჭირო და ეს ნიშნავს მსოფლიოში ყველა იმ ადამიანის თანამშრომლობას, ვინც ნამდვილად აფასებს მშვიდობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა და პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ დევნის რუსული დრონი ხერსონის ბაზარში ბოსტნეულის გამყიდველ მამაკაცს, შემდეგ კი ფეთქდება. პოლიციის ცნობით, ნიკოლაევის ოლქის 52 წლის მკვიდრმა აფეთქების შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიიღო, თუმცა გადარჩა და სამედიცინო დახმარება გაეწია.