რუსეთის ღამის შეტევის დროს საჰაერო ძალებმა მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. ეს შედეგი Patriot-ის სისტემის რესურსების დეფიციტის გამო დაფიქსირდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"გუშინ ღამით რუსებმა უკრაინის მიმართულებით 35 რაკეტა გაუშვეს, მათ შორის 27 ბალისტიკური რაკეტა და 185 სხვადასხვა ტიპის თავდასხმის დრონი. მთავარი სამიზნე კიევი იყო, თუმცა მათ ასევე დაარტყეს დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვის და პოლტავას ოლქებს. გუშინ ღამით მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ Patriot-ისთვის რაკეტები არ არის. სწორედ ეს დეფიციტი უწყობს ხელს რუსეთს ასეთი დარტყმების განხორციელებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ოკუპანტებმა იარაღის ყველაზე დიდი რაოდენობა დედაქალაქსა და კიევის ოლქში მიმართეს, სადაც გაწმენდითი სამუშაოები გუშინ ღამიდან მიმდინარეობს. მტრის სამიზნე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა იყო.

"როგორც ყოველთვის, რუსებმა საცხოვრებელი შენობები დაბომბეს. დაზიანდა თვრამეტი სახლი, სკოლა, ლიეტუვის საელჩო და ინფრასტრუქტურული ობიექტები. ამ თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. ათობით ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის საშუალებები აქ და ახლა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გაიგონ: ეს რესურსები საჭიროა აქ და ახლა და არა შესაძლო სცენარებისთვის განკუთვნილ რომელიმე საწყობში, რათა რუსეთის ომი უკრაინაში შეკავდეს და შეჩერდეს. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის თითოეული პაკეტი ჩვენი ხალხის სიცოცხლეს იხსნის. მის გარეშე ყოველი ღამე მსხვერპლს იწვევს. მადლობა ყველას, ვინც ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად მუშაობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

1 აგვისტოს ღამეს რუსებმა კიევსა და კიევის რეგიონზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია.