უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა თავის მოკავშირეებს ომში გამარჯვების გეგმას მომავალ კვირას გააცნობს.

მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში უკრაინის გამარჯვების გეგმის მოსამზადებლად. კერძოდ, შეხვედრებზე ამ გეგმის ყველა პუნქტის რეალური შესრულება განიხილეს.

"უკრაინისთვის აუცილებელი ნაბიჯები უკვე განსაზღვრულია, აბსოლუტურად მკაფიოდ. ის, რამაც შეიძლება მოგვცეს ყველაზე ძლიერი პოზიცია მშვიდობის დასამყარებლად - რეალური, სამართლიანი მშვიდობა. თითოეული ნაბიჯისთვის არის პუნქტების მკაფიო სია, რა არის საჭირო კონკრეტულად, რა იმუშავებს გასაძლიერებლად. იქ არც ერთი შეუძლებელი რამ არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, გეგმის 90%-ზე მეტი უკვე გაწერილია.

"ერთობლივად, ამ პაკეტს შეუძლია უზრუნველყოს სიტუაციის სწორი განვითარება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოში ყველასთვის, ვინც აფასებს საერთაშორისო სამართალს.

უკვე ვემზადებით, რომ მომავალ კვირას გამარჯვების გეგმა წარვუდგინოთ ჩვენს მოკავშირეებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.