საქართველოს მთავრობის ქმედებები, მისი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, დეზინფორმაცია შეერთებული შტატების შესახებ და ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, არ ეხმარება ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს ევროპული განვითარება  სურს.

"საქართველოს მთავრობის ბოლო ანტიდემოკრატიული ქმედებები, აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაცია და განცხადებები, როგორიც პრემიერ-მინისტრმა გუშინ გააკეთა, არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის ისეთი ქმედებები და განცხადებები, რომლებიც დასავლეთისგან, ევროპისგან და აშშ-სგან საქართველოს იზოლაციას ზრდის. ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით თქვა, რომ მათი მომავალი არის მომავალი ევროპასთან, დასავლეთთან და ქმედებები, განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლაციაში აქცევს, არ ემსახურება ამ მიზანს.

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო ძლიერი მხარდამჭერი, ვიდრე არის აშშ. გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი. განცხადებები, რომლებიც მიმართულია საქართველოს აშშ-სგან იზოლირებისკენ, არავისთვის სასარგებლო არ არის“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 სექტემბერს აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ დაწესებული სანქციებით ამერიკა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადახვევა განაპირობოს.