უკრაინამ და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა დაასრულეს სამშვიდობო გეგმა ომის დასრულების შესახებ და მზად არიან დოკუმენტი შეერთებულ შტატებში უახლოეს მომავალში გაგზავნონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ომის დასრულების შესაძლო ნაბიჯების ყველა კომპონენტზე. უკრაინული და ევროპული კომპონენტები უკვე დამუშავებულია და ჩვენ მზად ვართ, ისინი წარვუდგინოთ ჩვენს პარტნიორებს ამერიკაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის, უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებს გაუგზავნოს საბოლოო დოკუმენტები.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ ნამდვილი მშვიდობით და მუდმივ კონტაქტზე ვართ ამერიკასთან. და როგორც ჩვენი მომლაპარაკებელი პარტნიორები სამართლიანად აღნიშნავენ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მზად არის თუ არა რუსეთი, გადადგას ეფექტური ნაბიჯები სისხლის ღვრის შესაჩერებლად და არ დაუშვას, ომის ხელახლა გაღვივება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ტრამპის ადმინისტრაციამ მოამზადა სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომლის თავდაპირველი ვერსია 28 პუნქტს შეიცავდა და ითვალისწინებდა მათ შორის, უკრაინული ჯარების გაყვანას დონბასიდან, უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდანაც კი. თავდაპირველ ვერსიაში ასევე განიხილებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა ან შემცირება; როგორც უკრაინის, ასევე ევროკავშირის კრიტიკის შემდეგ, დოკუმენტი ნაწილობრივ გადაიხედა: 28 პუნქტის ნაცვლად, ის ახლა დაახლოებით 20 პუნქტს შეიცავს.

უკრაინისა და ამერიკის დელეგაციები აგრძელებენ კონსულტაციებს, ცდილობენ შეთანხმდნენ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ძირითად პრინციპებზე.