უკრაინის დაზვერვამ დაადგინა, თუ რომელ სამიზნეებზე შეიძლება მოახდინოს კონცენტრირება რუსეთმა, საქმე კონკრეტულ თავდაცვის კომპანიებს ეხება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მან მოისმინა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის უფროსის, ოლეგ ივაშჩენკოს ანგარიში, რომელმაც ისაუბრა რუსეთის რაკეტების წარმოებაზე: ობიექტებზე, რაოდენობებზე, მანძილებზე და სხვა ქვეყნებიდან კრიტიკული კომპონენტების მიწოდების მარშრუტებზე.

მისივე თქმით, უკრაინა უკვე ამზადებს ზომებს რუსეთში რაკეტების წარმოების წინააღმდეგ, პარტნიორებთან კოორდინაციით.

"ჩვენ ასევე ვიცით, რომ უკრაინის წინააღმდეგ მომავალი რუსული დარტყმებისთვის შერჩეული ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება - სამხედრო, პოლიტიკური და პროპაგანდისტული - მოიცავს უკრაინულ კომპანიებს, რომლებიც ყველა ტიპის სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარებაში პროგრესს აჩვენებენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი უკრაინის ბალისტიკური რაკეტებისა და ბალისტიკური ჩამჭრელი სისტემების წარმოების უნარს სტრატეგიულ საფრთხედ მიიჩნევს.

"ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სამხედრო დაზვერვამ ასევე მოიპოვა ახალი შიდა რუსული პოლიტიკური დაგეგმარების დოკუმენტები, მათ შორის ისეთი, რომლებიც ეხება უკრაინის ურთიერთობებს მოლდოვასთან, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთსა და ყურის რეგიონს.

"ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ერთ-ერთი საკვანძო პოლიტიკური მიზანია შეზღუდოს ჩვენი უსაფრთხოება, ეკონომიკური და სხვა სტრატეგიული კავშირი ამ ქვეყნებთან. ამით რუსეთი მხოლოდ ადასტურებს, რომ როგორც ჩვენ უკრაინაში, ასევე ჩვენი პარტნიორებიც სწორი მიმართულებით მივდივართ - მეტი უსაფრთხოებისკენ, ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომი განმტკიცებისა და რუსული გავლენის სრული განეიტრალებისკენ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპა გაცილებით მეტად უნდა დაუდგეს მხარს თითოეულ იმ ერს, ვისაც რუსეთი კბილებით ჩაეჭიდა და ცდილობს თავისუფლების მოპოვებაში ხელი შეუშალოს. ეს განსაკუთრებით ეხება ახლა სომხეთს - ამ ქვეყანაში არჩევნების წინ. ეს არ არის უბრალოდ ერთი ან მეორე პოლიტიკური არჩევანის საკითხი. საქმე ეხება ხალხის ფუნდამენტურ უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი. ევროპას გააჩნია საჭირო შესაძლებლობები, დაიცვას ფუნდამენტური წესები, რომლებიც ყოველთვის მუშაობდა და გააგრძელებს მუშაობას უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ჩვენ პარტნიორებთან მუშაობისას შესაბამის წინადადებებს წარვადგენთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება!", - წერს ზელენსკი.