უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს შეასუსტებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან მოპარული უკრაინული მარცვლეულის შეძენა იურიდიულ პასუხისმგებლობას იწვევს.

"ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოპარული საქონლის შეძენა არის ქმედება, რომელიც იურიდიულ პასუხისმგებლობას იწვევს. ეს განსაკუთრებით ეხება რუსეთის მიერ მოპარულ მარცვლეულს. ისრაელის პორტში ასეთი მარცვლეულის გადამტანი კიდევ ერთი გემი ჩავიდა და გადმოტვირთვისთვის ემზადება. ეს არ არის და არც შეიძლება, იყოს სუფთა ბიზნესი. ისრაელის ხელისუფლებამ, არ შეიძლება, არ იცოდეს, რომელი გემები და რა ტვირთით შედიან ქვეყნის პორტებში. ასეთი ტრანზაქციები არღვევს თავად ისრაელის სახელმწიფოს კანონებს. უკრაინამ დიპლომატიური არხებით ყველა საჭირო ზომა მიიღო მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ ერთი ასეთი გემი არ გაჩერებულა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა, სადაზვერვო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამზადებს სანქციების შესაბამის პაკეტს, რომელიც შეეხება როგორც ამ მარცვლეულის უშუალოდ ტრანსპორტირებას, ასევე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ცდილობენ ამ დანაშაულებრივი სქემიდან მოგების მიღებას.

"უკრაინა ამზადებს შესაბამის სანქციების პაკეტს, რომელიც შეეხება როგორც ამ მარცვლეულის ტრანსპორტირებას, ასევე მათ, ვინც ცდილობს ამ დანაშაულებრივი სქემიდან მოგების მიღებას. ჩვენ კოორდინაციას გავუწევთ ჩვენს პარტნიორებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი პირები მოხვდნენ ევროპული სანქციების რეჟიმებში.

ჩვენ რეალურად ვმუშაობთ უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ ველით, რომ ისრაელის ხელისუფლება პატივს სცემს უკრაინას და არ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს შეასუსტებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

27 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის ქალაქ ჰაიფას პორტში შევიდა გემი, რომელიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულით იყო დატვირთული. ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო უწყებაში ისრაელის ელჩი დაიბარეს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის გიდეონ საარის განცხადებით, ბრალდება არ წარმოადგენს მტკიცებულებას და ისრაელს არ წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას ისრაელის იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც რუსეთს დაეხმარნენ მოპარული უკრაინული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობაში.

უკრაინის საზღვაო მოძრაობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, საქმე ეხება პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს, "პანორმიტისს“, რომელიც ჰაიფას მახლობლად მდებარე წყლებში შევიდა. სავარაუდოდ, „პანორმიტისს“ 6 200 ტონაზე მეტი ხორბალი და 19 000 ტონა ქერი გადააქვს.