"28 ნოემბერს ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ რომ საქართველო ევროპაა და რომ ევროპაც მათ შორის საქართველოა, რომ ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია", - ამის შესახებ პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 28 ნოემბრის ღონისძიება საქართველოს მტკიცე პროევროპული განწყობისა და ნების საჯარო დემონსტრირებად უნდა იქცეს.

"დიახ, „საქართველო ევროპაა“ არის არა მხოლოდ თავმოსაწონად ნათქვამი ფრაზა, არამედ ეს არის ღრმა შინაარსის მქონე განაცხადი. საქართველო ევროპაა! ჭეშმარიტად საერო, საერთო ეროვნული არჩევანია, რომელსაც არ და ვერ ექნება პარტიული კუთვნილება და რომელსაც ვერცერთი პოლიტიკური ძალა დაისაკუთრებს. ეს ის 
არჩევანია რაც ჩვენი ქვეყნის რეალურად ეროვნული და ერთ სახელმწიფოდ დამკვიდრების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის შესაძლებლობაა, რომლის რეალობად ქცევა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელეწიფება, ევალება და თითოეულის ინტერესშია, ხოლო ამ ინტერესსა თუ მოვალეობაში მთლიანი ქართული საზოგადოება ერთიანი და ერთუსოლავი უნდა იყოს პარტიული თუ პოლიტიკური აფილიაციის თუ სიმპათიების მიუხედავად.

"საქართველო ევროპაა“ - სწორედ ის ცივილიზაციური არჩევანია რასაც ემსახურებოდა საჯარო მოხელეთა თაობები, ემსახურებიან დღესაც: ის სადაც და რამდენადაც ეს მოქმედებით არის შესაძლებელი, ხოლო იქ სადაც ეს მოქმედებები შეუძლებელია - მრწამსით და მოქმედებებისთვის გააზრებული მზადყოფნით. 

ეს ის არჩევანია, რომლის რეალიზება, პოლიტიკურ აქტში დაგვირგვინება არ და ვერ იქნება ვინმეს მხრიდან მეტიჩრობის ან ვინმეს წინაშე თავმოწონების უსარგებლო ან პროპაგანდისტულ სავარჯიშოდ. ეს ხომ ის მეტად პრაქტიკული გზა და საშუალებაა, რომელიც პოლიტიკური ეკონომიკური კულტურული თუ უსაფრთხოების 
საერთო ევროპულ ერთიან სისტემაში საქართველოს სრულფასოვანი და სრულუფლებიანი გაწევრიანების შემთხვევაში აასმაგებს ჩვენსავე ეროვნულ სუვერენულ პროქართულ განაცხადს მეტ კეთილდღეობასა და მეტ უსაფრთხოებაზე.

სწორედ ამიტომ 28 ნოემბერი საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის მხრიდან მის პროევროპული ურყევი ნებისა და მაშასადამე პროქართული მტკიცე ქართული განწყობის დღედ უნდა იქცეს. 28 ნოემბერს ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ევროპაა და რომ ევროპაც მათ შორის საქართველოა, რომ ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია, შეუძლებელია, რომ ერთმანეთისგან მათ განცალკევებას ვერც დროებით და მით უმეტეს 
ვერც სამუდამოდ ჩვენ ვერ დავუშვებთ.

ამდენად ისტორიული წარსულის გადმოსახედიდან და მომავლის საჭიროებათა პირისპირ ჩვენ, „ჯერ საქართველო“ ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, 28 ნოემბერს საქართველოს ევროპულ არჩევანს ხმა მივცეთ თამამად და უყოყმანოდ", - განაცხადეს პარტია „ჯერ საქართველოს“ ოფისში ლიდერების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე.