4 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები არ ტარდება, ეს არის ივანიშვილის მოგონილი სპეცოპერაცია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება არ გახდება ივანიშვილის თანამზრახველი რუსულ სპეცოპერაციაში.

"თავისუფლება მზიას და თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს. მზია ამაღლობელი აზანზარებს ამ რეჟიმს. ეს არის ზუსტად ის პრინციპულობა და სიმართლე, რითაც ჩვენ, ხალხმა უნდა გავიმარჯვოთ ამ ბოროტ რეჟიმზე.

რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, დღეს შეიკრიბა რვა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები. დღევანდელი ჩვენი შეკრების მთავარი გზავნილი არის - არა რუსულ არჩევნებს. 4 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები არ ტარდება, ეს არის ივანიშვილის მოგონილი სპეცოპერაცია და ქართული საზოგადოება არ გახდება ივანიშვილის თანამზრახველი ამ რუსულ სპეცოპერაციაში", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ბათუმის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები, აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ ეუბნებიან არას 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს.