საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს, მზია და ნინო გამარჯვებული არიან და რეჟიმი კი უსუსური, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

"მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი…

რეჟიმი თქვენს წინაშე სრულიად გაშიშვლდა. და გაშიშვლდნენ ის ადამიანები, ვისაც ამის გამართლებაც შეუძლიათ და არც რცხვენიათ. ვინც ვერ ბედავს ელემენტარული თანაგრძნობის გამოხატვას..

და ვისაც დღეს შეუძლია ეს უსამართლობა არ შეიმჩნიოს. არ შეიმჩნიოს, თუ როგორ ცდილობს რეჟიმი ორი ქალი გატეხოს: ერთს სთხოვს დანაშაულის აღიარებას, მეორეს უსასტიკეს არაადამიანურ სასჯელს უმზადებს.

მაგრამ საზოგადოებას სწორი განაჩენის გამოტანის უნარი აქვს, მზია და ნინო გამარჯვებული არიან და რეჟიმი კი უსუსური", - წერს ზურაბიშვილი.

მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 4 აგვისტოს გახდება ცნობილი. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ დაპატიმრებული პედაგოგის ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანას აპირებენ.